ლელო საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დაწყება ანაკლიის პროექტის შეჩერებასა და შესაბამისად ქართული ოცნების მხრიდან რუსული საქმის შესრულებას უკავშირდება.
როგორც ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყების შემდეგ განაცხადა, ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა, რადგან ახლა პროკურატურაც და სასამართლოც ერთი კაცის [ბიძინა ივანიშვილი] დავალებას ასრულებს.
"ეს არის პოლიტიკური დევნა, იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში არ განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ეწინააღმდეგება რუსულ ინტერესს. თუ გეოპოლიტიკას გადახედავთ და გადახედავთ იმას რაც ხდება ყაზახეთში, რაც მოხდა სომხეთ-აზერბაიჯანში, რაც მოხდა უკრაინაში, ბუნებრივია რომ ანაკლიის პროექტი იყო საკმაოდ დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. ეს არ არის ეროვნული ხელისუფლება სამწუხაროდ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობიანად შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ეროვნული ნიშნით, სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მოვიყვანოთ ის ხალხი ხელისუფლებაში, რომელიც მოემსახურება არა ერთ ადამიანს, არამედ მოსახლეობას. ახლა პროკურორი არის ბიძინა, შს მინისტრი არის ბიძინა, მოსამართლე არის ბიძინა და სუს-ის ხელმძღვანელი არის ბიძინა. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ განვითარდება...
ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმა და თუ ასე გაგრძელდა ამ ჭაობიდან ვერ ამოვალთ - ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამ ქვეყანას სჭირდება კოალიციური მმართველობა... საერთოდ არ მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ. არ ვარ გიჟი რომ შევიდე კამერაში, მაგრამ თავისუფლება კედლები არ არის, თავისუფლება არის ის რაც შინაგანად გაქვს. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, მიხარია, რომ ამ ბრძოლაში ვარ თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლად ქართველი ხალხი მოიგებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება.
დღეს, 11 იანვარს საბოლოო სხდომა ჩატარდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმის განხილვა ამით დასრულდა.
იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას (ფულის გათეთრებას) ედავება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე სებ-მა TBC ბანკი 2008 წელს დააჯარიმა, რაც ბანკს სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ, ვინაიდან, მათი განცხადებით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. მათი შეფასებით, სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.